English / ქართული / русский /
ქეთევან ჭანიძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური პარამეტრებისა და მოსახლეობის სტრუქტურის ურთიერთკავშირის ანალიზი

ანოტაცია. მოცემულ სტატიაში განხილულია აჭარის მოსახლეობისა და ისეთი ეკონომიკური პარამეტრების ურთიერთკავშირის ანალიზი, როგორიცაა დასაქმება, ეკონომიკური აქტიურობის დონე ასაკის, სქესის მიხედვით. მოსახლეობის რიცხოვნობას, მათ შორის შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის, ვინაიდან შრომა წარმოების ძირითადი ფაქტორია, რაც უფრო მეტია შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი ქვეყანაში, მით უფრო მეტი პროდუქტის შექმნის შესაძლებლობა იქმნება. ჩვენ შევეცადეთ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაგვეკეთებინა შედარებითი ანალიზი და გვეჩვენებინა, რომ იქ სადაც მოსახლეობის ზრდის ტემპი დადებითია, ეკონომიკური პარამეტრებიც უფრო უკეთესია საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებთან შედარებით. სტატიაში მოცემულ გრაფიკებზე ნაჩვენებია მთლიანი დამატებული ღირებულების განაწილება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, მისი ზრდის ტემპი, დადებითი და უარყოფითი სალდო და გამოყოფილია ის გარემოება, რომ სადაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა მეტია, იქ მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის სალდო დადებითია. ასევე დეტალურადაა ნაჩვენები აჭარის მოსახლეობის ზრდის დინამიკა წლების მიხედვით და აღნიშნულია აჭარის მოსახლეობის წვლილი ქართველთა ოდენობის მატებაში. 

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფია, მოსახლეობა, ეკონომიკური აქტივობა, დასაქმება. 

შესავალი

მოსახლეობის სტრუქტურას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების სო­ციალურ-ეკონომიკური პირობები. ამავე დროს, დემოგრაფიული პროცესებისა და სტრუ­ქტურის ცვლილება პირდაპირკავშირშია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან. ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სტრუქტურას  შო­რის კავშირი რთული და მრავალფეროვანია. ამიტომ თანამედროვე ცი­ვილიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისა და მო­სახლეობის  ურთიერთქმედების განსაზღვრას ეკონომიკური და დემოგრაფიული პროცესე­ბის რთული ჯაჭვის შესწავლის მიმართულებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ შრომა, ანუ ადამიანური კაპიტალი, წარმოების ძირითადი ფაქტორია.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, დემოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებზე საზოგადოების ზემოქმედების შესაძლებლობები შეზღუდულია. ერ­თი მხრივ, რთულია საჭირო რაოდენობის მატერიალური და ფინანსური რესურსების მო­ბილიზება, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტა­პისათ­ვის მისაღები რეპროდუქციული განწყობის ჩამოყალიბება და მისი შესაბამისი დემოგრა­ფიული ქცევის რეალიზაცია. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ადამი­ანთა შეხედულებების მრავალგვარობა, არამედ მათი განწყობის განმსაზ­ღვრელი ეკონო­მიკური და სოციალური ფაქტორების, ეროვნული, ოჯახური, რელიგი­ური ტრადიცი­ების მრავალფეროვნება და ცხოვრებისეულ ფასეულობათა ორიენტა­ცია. სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნების გამოხატვისა და სათანადო ღონისძიებების გატარების გარე­შე საქართველოს მოსახლეობის კლების შეჩერება შეუძლებელია.

          პრობლემის ფორმულირება და ანალიზი 

მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვ­რის არსებულ მოდელებს შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, როგორც ქვეყნის შემადგენელი ერთ–ერთი  თვი­თმმართველი ერთეულისათვის, გამოიყენება ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მთლიანი საქართველოსათვის. 2007 წელს  აჭარის რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 378,8 ათას კაცს, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 8,62%–ია (იხილეთ ცხრილი 1). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდე­ბოდა, რაც წლების მიხე­დვით საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მისი ხვედრითი წილის განუხრელი (8,62%–დან 8,83%–მდე) ზრდით გამოიხატება. 

ცხრილი 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)

ათასი კაცი

 

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

საქრთველო 

4 394,7

4 382,1

4 385,4

4 436,4

4 469,2

4 497,6

4 483,8

4 490,5

3 713,7

3 720,4

აჭარისარ

378,8

380,2

382,4

386,9

390,6

393,7

394,2

396,6

334,3

337,0

აჭარ. მოსახლ წილი  საქ–ში

8,62%

8,68%

8,72%

8,72%

8,74%

8,75%

8,79%

8,83%

9,0 %

9,06 %

ქ. ბათუმი

122,2

122,2

122,5

123,5

124,3

125,8

160.0*

161.2*

153.1

154.6

ქედის მუნი­ციპალიტეტი

19,8

19,9

20,0

20,2

20,4

20,5

20,5

20,6

16,8

16,9

ქობულეთის მუ­ნიციპალ.

89,2

89,4

89,8

91,1

92,1

93,0

92,9

93,3

74,8

75,2

შუახევის მუნ­იციპალიტეტი

21,8

22,0

22,3

22,6

22,8

22,9

22,8

22,9

15,0

15,1

ხელვაჩაურის მუნიციპალიტ

91,8

92,2

92,8

94,0

95,2

95,6

62.1*

62.5*

51,3

51,7

ხულოს მუნი­ციპალიტეტი

34,0

34,5

35,0

35,5

35,8

35,9

35,9

36,1

23,3

23,5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

2014 წელს საქართველოს მოსახლეობის ხელახალი, გაერო-ს მიერ შემოთავაზე­ბული განახლებული მეთოდოლოგიით განხორციელებული აღრიცხვის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც მთლიანი ქვეყნის, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახ­ლეობა. კერძოდ, 2015 წელს აჭარის მოსახლეობამ შეადგინა 334,3 ათასი კაცი, ხოლო საქართველოს მოსახლეობამ კი3 713,7 ათასი კაცი. ანალოგიური მაჩვენებლები 2016 წელს შეადგენდა შესაბამისად –  337,0 ათას კაცს და  3 720,4 ათას კაცს.  მიუხედავად აჭარის მოსახლეობის რაოდენობრივი შემცირებისა, მისი ხვედრითი წილი საქარ­თველოს მთლიან მოსახლეობაში მაინც განაგრძობდა ზრდას. ამ მაჩვენებელმა 2015–2016 წლებში შეადგინა შესაბამისად, – 9,0 % და 9,06 % (ცხრილი 1).

მე-20 საუკუნის განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შობადო­ბაზე გავლენას ახდენდა რელიგიური ფაქტორი. ამიტომ აჭარელი ხალხის ოჯახში იყო მრავალშვილიანობის ტრადიცია. 1980-იან წლებში აჭარის რეგიონში საკმაოდ მაღალი იყო შობადობის დონე და იგი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს, რაც რელიგიის ფაქტო­რითაც იყო განპი­რობებული. 1980-1989 წლებში ყოველწლიუ­რად მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე 21,3 ბავშვი და­იბადა, 1990-1999 წლებში - 15,3 ბავშვი, 2000-2009 წლებში კი–12,9 ბავშვი. როგორც ვხედავთ, 2000 წლის შემდეგ ეს მაჩვე­ნებელი შემცირდა. ის გაუტოლდა ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. ეს იმით არის განპირობებული, რომ რელიგიური ფაქტორის გავლენა 2000 წლის შემდ­გომ პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შობა­დობაზე საგრძნობლად შემცირდა და ბავშვის ყო­ლაზე უკვე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ გავლენას.

შობადობის დონე მე-20 საუკუნეში მაღალი იყო საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. 1970-იან წლებში შობადობის დონე 2-ჯერ მაღალი იყო 2000-იან წლებთან შედარებით. დროის ამ ინტერვალში, გა­ნსაკუთრებით 2000-იან წლებში, შობადობის დონე ოდნავ მაღალია აჭარაში როგორც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან, ისე დანარჩენი რეგიონების შესაბამის მაჩვენებელ­თან შედარებით, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ შობადობის დონე საგრძნობლად და­ეცა და, შეიძლება ითქვას, კრიზისულ დონეს მიაღწია, განსაკუთრებით სოფლად.

თუ ადრე (მაგალითად, 1980-იან და 1990-იან წლებში) ის შესამჩნევად მაღალი იყო ქალაქთან შედარებით, 2000-2009 წლებში ეს მაჩვენებელი უკვე საკმაოდ დაბალი იყო სოფლად (10,6 პრომილი) ვიდრე ქალაქად (15,7 პრომილი). ეს მიუთითებს იმაზე, რომ სოფლები იცლება ახალგაზრდებისგან, უარესდება მისი ასაკობრივი სტრუქტუ­რა და სოფლად სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც საგრძნობლად დაბალია ქალა­ქთან შედარებით.  გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ბოლო 40 წლის განმავლობაში დიდ ცვლილებებს არ განიცდის. მოკვდავობის დონე აქ ყოველთვის დაბალი იყო.

საქართველოს დანარჩენ რეგიონებში სოფლად გარდაცვალების შემთხვევე­ბი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ბუნებრივი მატების კოეფიციენტი აქ დადებითია. საქართველოს დანარჩენ რეგიონთა უკლებლივ ყველა სოფელში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. ჩვენს ქვე­ყანაში არ­სებული უმძიმესი დემოგრაფი­ული ვითარება განპირობებულია მის ცალკე­ულ რე­გიონში დემოგრაფიული პრობ­ლემების გამწვავებით, გამონაკლისია აჭარა, ქვემო ქარ­თლი და სამცხე-ჯავახეთი. „რომ არა აჭარა, მთელ რიგ წლებში (1999-2004) საქართვე­ლოში მოსახლეობის ბუნებრივი კლება იქნებოდა. ამის კომპენსაცია ხდებო­და აჭარის მაღალი ბუნებრივი მატების ხარჯზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა ოდენობის მატებაში აჭარას დიდი წვლილი მიუძღვის. ბუნებ­რივ მატებას აჭარაში ძირითადად განაპირობებს მოკვდაობის დაბალი მაჩვენებელი“ [თოთაძე, 2012: 73].  ასე გაგრძელების შემთხვევაში, შობადობის შემცირების შე­დეგად, მთელ მოსახლეობაში მოიმატებს ხანდაზმული ადამიანების წი­ლი, მოსახლე­ობა დაბერდება და ამას ბუნებრივად მოჰყვება მოკვდავო­ბის გაზრდა, ბუნებ­რივი მა­ტების კოეფიციენტი კი უარყოფითი იქნება.

განვიხილოთ რეგიონულ ჭრილში უმუშევრობის და დასაქმების დონე­თა ცვლილებები. შევნიშნავთ, რომ უმუშევრობის შედარებით მაღალი მაჩვენებე­ლია თბილისში (22,5%) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (15,8%), შედარე­ბით დაბალი აქტივობისა (თბილისში – 53,5%, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – 68,6%) და დასაქმების დონის (თბილისში – 41,5%, აჭარის ავტონომიურ რესპუბ­ლიკაში – 57,8%) ფონზე (წყარო. საქსტატი). ერთი შეხედვით, ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუა­ლება არის სწო­რედ სწრაფვა დეცენტრალიზაციისაკენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თუ რეგიო­ნებში არსებობს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქ­მების შესაძ­ლებლობა, შრომითი რესურსის მიზანმიმართული დეცენტრალიზაცია შესაძლოა გახდეს ერთი მხრივ რეგიონის განვითარების, მეორე მხრივ, უმუშევ­რობის შემცი­რე­ბის საფუძვე­ლი. თუმცა საკითხი კომპლექსურია და მოით­ხოვს დეტალურ განხილვას.

საქართველოს შრომის ბაზარზე მთავარი რეგიონული განსხვავება დედაქა­ლაქსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილს შორის არსებობს, თუმცა სხვადასხვა რეგიონებს შორისაც არის გარკვეული სხვაობები. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოხატული დეფიციტია, უმუშევრობის დონე ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ქვემო ქართლში. აღნიშნული რეგიონუ­ლი სხვაობე­ბის აშკარა ახსნა სხვადასხვა რეგიონის ურბანულ და სოფლის მახასია­თებლებში შეგ­ვიძლია ვეძებოთ. ოფიციალური უმუშევრობა გაცილებით უფრო და­ბალია სოფლად, ვიდრე ქალაქად. ეს სხვაობა დაახლოებით 20%- ს შეადგენს.

ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ასევე მის ცალკეულ რეგიონში დასაქმე­ბის დონე 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის წარმო­ქმნის შედეგად მკვეთრად დაეცა და მას შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამ თვალსაზრისით ერთადერთ გამონაკლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოადგენს, სადაც 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო საფინანსო კრიზისის მთელი ციკ­ლის განმავლობაში დასაქმების სტაბილური ზრდა დაფიქსირდა. ეს შეიძლება რეგიონში ტურიზმისა და მშენებლობის სექტორის განვითარებით აიხსნას, ასევე – 2008 წელს, აჭარაში მანამდე არსებული დასაქმების დაბალი დონით. XXI საუკუ­ნის დასაწყისიდან დღემდე, მოსახლეობის ყოველწლიური ბუნებრივი ზრდა აღინიშ­ნა მხოლოდ სამ რეგიონზე - აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. ამ რე­გიონებზე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის შედა­რებით დიდი წილი მოდის. 

დიაგრამა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა

2002-2017 წწ. (ათასი კაცი)

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/    

სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილება 2002-2017 წლებში მოცემულია ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე. ყურადსაღებია, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 333,953 ათას კაცს, რაც დიაგრამაზე ასახულია 2015 წლის სვეტში, მაშინ როდესაც წინა წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა თითქმის 400 ათას კაცს აღწევდა. 

2014 წლის მონაცემებით ქალაქ ბათუმზე მოდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 46%, ქობულეთის მუნიციპალიტეტზე 22% (მათ შორის ქალაქ ქობულეთზე მოდის საერთო მოსახ­ლეობის 9%), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე 16%,  ქედის მუნიციპალიტეტზე  5%, შუახე­ვის მუნიპალიტეტზე 4%, ხულოს მუნიციპალიტეტზე 7%, მოსახლეობის დაახლოებით 55% ქალაქის მცხოვრებია, ხოლო 45% – სოფლის.

2002 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა შეადგენდა  ათას კაცს. 2014 წლისათვის კი –  ათას კაცს. შესაბამისად, ამ 12 წლიანი პერიოდისათვის ბუნებრივი მატების კოეფიციენტი არის . ზრდის ამ ტემპით ადვილი გამოსათვლელია, მაგალითად, 25 წლის შემდეგ 2027 წლისათვის აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა  ათასი კაცი. 25 წლის განმავლობაში ზრდის ეს ტემპი, რა თქმა უნდა, დაბალი მაჩვენებელია. 2014 წელს საყოველთაო აღწერისას, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგია, რითაც უნდა ავხსნათ მოსახ­ლეობის რიცხოვნობის მკვეთრი კლება დაახლოებით 40 ათასი კაცით. ამიტომ, მიზანშეწონი­ლია, 2015-2017 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ბუნებრივი მატე­ბის კოეფიციენტის გამოთვლა მოხდეს გასული წლებისაგან დამოუკიდებლად.

კერძოდ, თუ  ათას კაცს, ხოლო  ათას კაცს, ბუნებრივი მატების კოეფიციენ­ტისათვის ამ 3 წლიანი პერიოდისათვის კვლავაც ვღებულობთ , შესაბამისად 2027 წლისათვის ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით ვღებულობთ, რომ მო­სახლეობის რიცხოვ­ნობა იქნება  ათასი კაცი. შინამეურნეობის ინტეგრირებუ­ლი გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკუ­რად აქტიური მოსახლეობის პროცენტული წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო მოსახლეობაში 2006-2016 წლებისათვის მერყეობს 36%-60% შუალედში. მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია არ შეიმჩნევა, თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 5-8%–ით ზრდა ფიქსირდება (დიაგრამა 2). 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილება 2006-2016 წლები­სათვის საფუძველს გვაძლევს შევაფასოთ მთლიანად რესპუბლიკაში დასაქმებული, დაქირა­ვებული, თვითდასაქმებული, გაურკვეველი დასაქმების და უმუშევარი მოსახლეობის პრო­ცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში. 2006-2016 წლებში დასაქმებული მოსახლეობის წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში მოთავსებულია 75%-87% შუ­ალედში, ამასთან, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2016 წელს ის აღწევს რეკორდულ მაჩვენებელს 87%-ს. დაქირავებული მოსახლეობა 27%-40% შუალედშია მოთავსებული, თვი­თდასაქმებული მოსახლეობის წილი მოთავსებულია 47%-55% შუალედში, უმნიშვნელოა გა­ურკვეველი საქმიანობის მქონე  მოსახლეობის წილი - მაქსიმუმ 0.2% და ბოლოს უმუშევართა წილი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან მერყეობს 13%-25% შუალედში, ამასთან, ბოლო წლებში უმუშევართა პროცენტული წილი კლებულობს და 2016 წლისათვის რეკორდულად მინიმალურ მაჩვენებელს 13%-ს აღწევს (დიაგრამა 3).

თუ შევაფასებთ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებისა და ეკონომიკუ­რი აქტიურობის დონეს 2006-2016 წლებისათვის, შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: დასაქმების დონე ამ პერიოდისათვის მერყეობს 36%-60% შუალედში, ხოლო ეკონომიკური აქტიურობის დონე კი – 50%-71% შუალედში. დასაქმებისა და ეკონომიკური აქტიურობის დონეების მიხედვით მინიმალური მაჩვენებელი ფიქსირდება 2007 წელს - 36.4% და 48.8%, ხოლო მაქსიმალური მაჩვენებელი დასაქმების დონის მიხედვით გვაქვს 2015 წელს - 60.1%, ეკონომიკური აქტიურობის დონის მიხედვით 2012 წელს - 71.1% (დიაგრამა 4). 

დიაგრამა 4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

დიაგრამა 5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

საინტერესო შედეგებს იძლევა შრომისუნარიანი მოსახლეობის წილის ანალიზი სქე­სობრივი და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლი­კაში შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი შეადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სა­ერთო მოსახლეობის 64.7%, რომელშიც პრაქტიკულად ნახევარს ქალები, ხოლო ნახევარს მა­მაკაცები შეადგენს. ქალაქებში შრომისუნარიანი მამაკაცების წილი დაახლოებით 1%-ით ნაკ­ლებია ქალებზე, ხოლო სოფლად კი პირიქით. ეს ტენდენცია პრაქტიკულად ნარჩუნდება მთლიანად საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, რომელთა მო­ნაცემებიც არ გაგვაჩნია). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებში შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი ჯამში შეადგენს 36.2%, სოფლად ოდნავ ნაკლებია და შეადგენს  - 28.5 %-ს, მაშინ როდესაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აჭარის ავტორნომიური რესპუბლი­კის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში სტაბილურად იზრდება 8,62%-დან 9.12%-მდე (იხილეთ დანართი 2). საინტერესოა გავარკვიოთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან უპირატესად რომე­ლი ტერიტორიული ერთეული განაპირობებს აჭარის მოსახლეობის რაოდენობის ზრდას მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში. მე-5 დიაგრამაზე მოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუ­ბლიკის ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობის წილობრივი ცვლილება მთლია­ნად საქართველოს მოსახლეობაში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში (2007-2017).

დიაგრამა 6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

ყურადსაღებია ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კლება 9%-დან 6%-მდე, შუ­ახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კლება 5,8%-დან 4%-მდე, ქობულეთის მუნიციპა­ლიტეტის მოსახლეობის კლება 23.5%-დან - 19.9%-მდე. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპა­ლიტეტს, რომლის მოსახლეობის კლებაც ამ გრაფიკის მიხედვით ასევე აშკარაა (24.2%-დან მცირდება 13.8%-მდე), აქ საქმე გვაქვს რიგ ობიექტურ პროცესებთან. ერთ-ერთი ამ პროცეს­თაგანია ხელვაჩაურის ტერიტორიების ქალაქ ბათუმისათვის მიკუთვნება. ბუნებრივია, ქა­ლაქ ბათუმის განვითარების გეგმა სავარაუდოდ გაფართოებასაც გულისხმობს. 2012 წლიდან ქალაქ ბათუმის გაფართოება ხორციელდება მოსაზღვრე მუნიციპალიტეტის - ხელვაჩაურის ტერიტორიების ხარჯზე. ხელვაჩაურის მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უკვე ქალაქს მიეკუთვნა. შესაბამისად ქალაქის მოსახლეობის ზრდაც 32.3%-დან 41.1%-მდე ნაწილობრივ სწორედ ამით არის განპირობებული. თუმცა აშკარაა, რომ ქალაქის მოსახლეობა იზრდება ამ ტერიტორიული ცვლილებების გარეშეც და პრაქტიკულად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სტაბილური ზრდაც სწორედ ქალაქ ბათუმის მოსახლეობაზე მოდის. დიაგრამა 16-ზე წარმოდგენილია მთლიანი დამატებული ღირებულების განაწილება ტერიტორიული ერთეულების მიხედვით 2006-2016 წლებში საქართველოს მასშტაბით.  

ქვეყნის შიგა პროდუქტის დაახლოებით 42% მოდის დედაქალაქზე, რომლის ზრდის ტემპი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უმნიშვნელოა, პრაქტიკულად არ იზრდება მაჩვენებელი საქართველოს სხვა რეგიონების მიხედვით, უფრო მეტიც, გარდა აჭარის რეგიონისა ამ რეგიონებში მთლიანი დამატებული ღირებულების ფარდობითი მაჩვენებელი[1] უარყოფითი მნიშვნელობისაა, რაც, სამწუხაროდ, კლებას მიანიშნებს.  შესაბამისად მთლიანი დამატებითი ღირებულების ზრდის ტემპი რეგიონების მიხედვით წარმოდგენილია მე-2 ცხრილში.

ცხრილი 2

მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდისტემპი საქართველოს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (2006-2016)

ტერიტორიული ერთეული

მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (2006-2016 წლებში)

გურია

-16,3%

სამცხე-ჯავახეთი

-15,8%

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი

-5,0%

კახეთი

-5,0%

აჭარა

37,1%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

-8,9%

ქვემო ქართლი

-22,5%

იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

-3,3%

თბილისი

2,5%

 

როგორც ვხედავთ, დედაქალაქის გარდა, პრაქტიკულად ყველა რეგიონში შეინიშნება კლება, კერძოდ: ქვემო ქართლში - 22,5%-იანი კლებაა, გურიაში თითქმის - 16,3%, სამცხე-ჯავახეთში - 15,8%-იანი, ხოლო სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში - 8,9%. დედაქალაში ფიქსირდება 2,5% პროცენტიანი ზრდა, ხოლო აჭარაში კი 37,1%-იანი ზრდა.  დემოგრაფიული პროცესები პირდაპირ აისახება რეგიონის მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპზე.  

        აჭარის არშექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2006-2016 წლებში წარმოდგენილია მე-3 ცხრილში. ცხრილის შესაბამისად დგინდება, რომ ბოლო წლებში ისეთ ეკონომიკური საქმიანობებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (-57,8%); პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ (-30,9%); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (-56,1%); სახელმწიფო მმართველობა (-26,6%) ადგილი აქვს მთლიანი დამატებული ღირებულების კლებას. თუმცა საერთო ჯამში ამ წლებში აჭარაში დაფიქსირებული 37,1% ზრდა განპირობებულია ძირითადად მომსახურების სხვადასხვა სახეებზე მოსული მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის მაღალი ტემპით (71,8%).  

    ცხრილი 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი ეკონომიკური საქმიანობის მიხედვი (2006-2016 წწ.)

ეკონომიკური საქმიანობის კატეგორიები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების ზრდის ტემპი ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით 2006-2016 წლებში
(%)

სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა

-57,8%

მრეწველობა

18,4%

პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ

-30,9%

მშენებლობა

5,5%

ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი

13,8%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა

-56,1%

სახელმწიფო მმართველობა

-26,6%

განათლება

15,2%

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება

33,6%

მომსახურების სხვადასხვა სახეები

71,8%

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/ 

დასკვნა

ამრიგად, როგორც ვხედავთ, მიუხედავად საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე 28 წლიანი პერიოდისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა, საქართველოს მთლიან მოსახლეობასთან შედარებით, მაინც ზრდის საკმაოდ მაღა­ლი ტემპებით ხასიათდებოდა, რაც ოჯახების მრავალშვილიანობის ტრა­დიციით არის განპირობებული. გარდა ამისა, მოსახლეობის ზრდის შედარებით მა­ღალი ტემპების შენარჩუნება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების პოტენციალით. აჭარას გააჩნია, ტურისტული, სავაჭრო და სატრანზიტო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობები. აჭარას ტურისტული აღმავლობის ტენდენცია აქვს. ასევე გააჩნია სამეწარმეო პო­ტენციალი. აჭარაში სოფლის მეურნეობის რამდენიმე დარგია განვითარებუ­ლი, ძირითადად მეცხოველეობა. სავაჭრო პოტენციალზე შეიძლება ითქვას, რომ ოდითგანვე არის „დიდი აბრე­შუმის გზის“ საკვანძო მონაკვეთი, საზღვაო პორტებით ხდება ასიათასობით ტონა ტვირთის ტრანზიტი როგორც აღმოსავ­ლეთით – აზიაში, ისე დასავლეთით ევროპაში. სავაჭრო პოტენციალის განვითარება ავტომატურად უწყობს ხელს აჭარის სატრანზიტო პოტენციალის განვითა­რებას, გადაზიდვები ხდება ავიაციითაც და სარკინიგზო მაგისტრალითაც, რაც საბო­ლოო ჯამში მილიონობით ტონა ტვირთის ტრანზიტს განაპირობებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარე­ბა ჯერ კი­დევ ვერ პა­სუხობს  მოსახლეობის მოთხოვნებს. თუმცა არსებული პოტენცი­ალის რაციონალური გამოყე­ნების შემთხვევაში, სა­ვსებით შესაძლებელია ადგილობ­რივმა საწარმო­ებმა არა მარ­ტო უზ­რუნველყონ აჭარის  მოსახლე­ობის მოთ­ხოვნის გაჯერება რეგიონის პროდუქციით, არამედ განავითარონ საექ­სპორტო დარ­გებიც და ხელი შეუწყონ ექსპორტ-იმპორტის დაბალანსე­ბას, რაც აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის ეკო­ნო­მი­კური და დემოგრაფიული განვითარების ერთ-ერთი აუცი­ლებელი პი­რო­ბაა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. დემოგრაფიისა...2015 - დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2015.
  2. დემოგრაფიისა...2017 - დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. შრომების კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2017
  3. ოთაძე...2012 – თოთაძე ა., აჭარის მოსახლეობა. გამომცემლობა ,,უნივერსალი“ თბ., გვ. 17.
  4. საქართველოში ... 2016 – საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი”. დემოგრაფიისა და სოციალოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2016.
  5. საქსტატი 2017– საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge/
  6. სულაბერიძე 2007 - სულაბერიძე ა. ფიქრები ქართულ ოჯახსა და დემოგრაფიაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი. თბილისი, 2007.
  7. ულაძე 2012 -  წულაძე გ.  დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდი. თბილისი, 2012.
  8. ულაძე 2015 - წულაძე გ., სულაბერიძე ა. დემოგრაფიის საფუძვლები. გამომცემლობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
  9. წულაძე...2016 - წულაძე გ., სულაბერიძე ა.  საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2016. 


[1] ფარდობითი მაჩვენებლის დაანგარიშებისას ვიღებთ საწყის მონაცემებს 2006 წლისათვის და საბოლოო მონაცემებს 2016 წლისათვის. საბოლოო მონაცემს ვაკლებთ საწყისს და ვყოფთ საწყისზე, მიღებულ შედეგს კი გამოვსახავთ პროცენტებში.